ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ გამოძიოს

minashvili-akaki„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებზე ისაუბრა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ზურაბ სოსელია, რომელიც წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, 2012 წლის ნოემბერში ის გაათავისუფლეს, რადგან მან სრულიად კანონიერად გააჩერა და დააჯარიმა მაშინდელი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია, რომელიც დღეს ზუგდიდის გამგებელია. ამას შემდეგ ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მუდმივად და ინტენსიურად ამხელს ადგილობრივ ხელისუფლებას სამეგრელოში, მათ შორის გუბერნატორსა და სუს-ის თანამშრომლებს. ამის გამო, რამდენიმე დღის წინ, ზურაბ სოსელიას დედას დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუკი ის თავის აქტიურობას არ შეწყვეტდა, სერიოზული ზიანი მიადგებოდა. მსგავსი შინაარსის ზარი ორჯერ განხორციელდა. ორივე ნომერი ცნობილია. აღნიშნულის შესახებ სოსელიამ სამართალდამცავებს შეატყობინა, თუმცა საქმის გამოძიება არ დაწყებულა და არც რაიმე სახის რეაგირება მოუხდენიათ.
ჩვენ ვიცით ბევრი დანაშაულის შესახებ, რომელსაც გუბერნატორი შონია და სუს-ის უფროსი ნაჭყებია სჩადიან. შეგახსენებთ, რომ ნაჭყებია თავის დროზე კონტრაბანდისთვის მსჯავრდებული იყო. ის რომ ამ და მსგავს საქმეებზე არანაირი გამოძიება არ ხორციელდება, კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების მიერაა მართული.
ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ გამოძიოს, რადგან ის ძალადობა რასაც ის აქტიური მოქალაქეების მიმართ იყენებს, მათ დასასრულს დააჩქარებს“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ზურაბ სოსელიას თქმით კი, მსგავსი სახის მუქარებით მას ვერ გააჩერებენ და ბრძოლას უკანონონობის წინააღმდეგ კვლავაც განაგრძობს.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო