ვაზიანში ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად გაიხსნა

ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმულით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაერთო. წვრთნებში შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები სწავლებაში ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლება 22 ივლისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში ძირთადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ჩამოყალიბდა. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედებების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი წალენჯიხაში იმყოფება
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავა