ვაზიანში ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში “მტკიცე მხარდაჭერის” საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის ალფა ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მან სამშვიდობოებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს ასევე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ალფა ასეული კი ქაბულში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბბინის დაცვა იქნება.
გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ჩაჩიბაიამ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედალი “გენერალი კვინიტაძე” გადასცა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები, უმუშევრობის დონე დაეცა”
შემდეგი სტატიამარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა