ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

კამპანიამ “ეს შენ გეხება” ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გადაგზავნილია და მის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის “ეს შენ გეხება” ამ წუთებში სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საია-ს ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სარჩელი მომზადდა კოალიციურად “ეს შენ გეხება”-ში შემავალი ორგანიზაციების მიერ.
“სარჩელის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებულ იქნა 2014 წელს და რომლითაც დაკანონდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სისტემა არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან, ვინაიდან კონსტიტუცია გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ხოლო ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ამ სტანდარტს დაბლა სწევს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, საკონსტიტუციო სასამართლოა. სარჩელი უკვე გადაგზავნილია. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას, ადვოკატირებას საიმისოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა იყოს სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ევროპულ სტანდარტებთან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კამპანია “ეს შენ გეხება”-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შს სამინისტროში არ უნდა დარჩეს. ამ აზრს იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე “თავისუფალი დემოკრატები”.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არანაირი ორგასაღებიანი სისტემა არ არსებობს მანამ, სანამ ე.წ. შავი ყუთი აქვს შს სამინისტროს. “ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ეს გასაღები სასამართლო სისტემაში უნდა იყოს. რაც შეეხება “თავისუფალ დემოკრატებს”, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ისინი თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, ვინაიდან პარლამენტმა დააკანონა შს სამინისტროს სურვილი და შესაბამისად დააკანონა უკანონო მოსმენები.
“ამიტომ, ბრძოლა გრძელდება. არასამთავრობოებმა შემოგვთავაზეს ეს მეთოდი. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ საკანონმდებლო ინსტიტუტებს და აუცილებლად მივაღწევთ ყველანაირი მეთოდით, რომ ეს კანონი შეიცვალოს და უკანონო მოსმენები საქართველოში მინიმუმამდე დავიდეს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, ისინი სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მიმდინარე შეხვედრაზე ჯერ არ გამოჩენილან.

banner
წინა სტატიაში“მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში”
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები?