ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი გიორგი ცააძე, პროკურატურას ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ედუარდ სინდოიანის ჩვენების თარგმანის გაყალბებაში ადანაშაულებს.
როგორც ცააძემ დღეს საქმეზე შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, უკრაინაში სინდოიანს ჩვენება აქვს მიცემული რუსულ ენაზე, სადაც არ არის ნახსენები ვინმე კონკრეტული პირი და არც მის მიმართ ძალადობის გამოყენება. თუმცა პროკურატურამ საკუთარ თარგმანში ჩაწერა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ცააძემ განმარტა, რომ 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ სინდოიანს დაკავებისას თავად ესაუბრა და ცააძე აცხადებს, რომ სინდოიანმა აღიარა, რომ ის ვაზაგაშვილთან და ფუთურიძესთან ერთად საყაჩაღოდ მიდიოდა.
“ახლა ეს პიროვნება ამბობს, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე მასთან მიდიოდნენ, რათა ის დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში. სინამდვილეში საქმეში დევს დისკი, სადაც მე მას ვესაუბრები და ეს დისკი დიდი ხანია ცნობილია. სინდოიანის ვინაობა თავიდანვე ცნობილი არ იყო, ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ტელეფონის ნომერი, შემდეგ მოხდა ამ პირის დადგენა. მოიყვანეს იგი და მე გავესაუბრე. 14 წელი ვიმუშავე პოლიციაში და ოპერატიული მუშაკი ვარ, ჩეკისტი ვარ და ჩეკისტურად შევუსრულე, დავსვი და აღიარა, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ”, – განაცხადა გიორგი ცააძემ.
მისი თქმით, საკონტროლო გასროლა მას არ განუხორციელებია და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში იგი ჩეზე-ს ტიპის იარაღით იმყოფება.
“ჩეზე-ს კი განსხვავებული ტყვიები აქვს და ეს ტყვიები საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, როგორც უნდა მომეხდინა გასროლა, როდესაც ტყვიის მასრები საერთოდ არ არის ამოღებული. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, არავითარი საპროცესოზე საუბარი არ მსურს, მე ვარ მართალი და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”, – განაცხადა გიორგი ცააძემ.
მისი თქმით, იგი გასულ წელს კორტების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, რომ დახმარებოდა ირაკლი ფირცხალავას საწინააღმდეგოდ.
“დამიბარეს პროკურატურაში და მითხრეს, ვიცით რომ ფირცხალავამ იარაღები ჩადო და დაგვეხმარე მოწმეების მოძიებაშიო. ვუთხარი, რომ მაგაში ვერ დავეხმარებოდი, სხვაში რაშიც სურდათ შეეძლოთ ეთხოვათ”, – განაცხადა ცააძემ.
შესავალი სიტყვის დროს განზრახ მკვლელობის ბრალდება კატეგორიულად უარყო თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა. როგორც კახა ნაკანმა აღნიშნა, მას საერთოდ არ გაუსვრია სპეცოპარციის ადგილას.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა 13 ივლისს განახლდება. შემდეგი პროცესიდან ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. მტკიცებულებების გამოკვლევა კი მოწმეთა დაკითხვის ეტაპით დაიწყება.