“ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ ავთანდილ გუნთაიშვილზე პროკურატურამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა”

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

პროკურატურა წარმოადგენს ინსტრუმენტს იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი მტკიცებითაც, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ტექნიკურ-ექსპერტული დასკვნის მომზადებაში ჩართულ ავთანდილ გუნთაიშვილზე პროკურატურამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
პეტრიაშვილის განმარტებით, გუნთაიშვილზე ზეწოლა იმის გამო განხორციელდა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების დაცვის მხარეს “არგუმენტები შეუსუსტდეს”.
“მართლაც ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა. სამწუხაროდ, ის წარმოდგენს ინსტრუმენტს იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დე ფაქო მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ავთანდილ გუნთაიშვილზე განხორციელდა ზეწოლა იმ მიზნით, რომ დაცვას შეუსუსტდეს არგუმენტები 1-ელ აპრილს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის. ჩვენ მივმართავთ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის უმოქმედო ხელისუფლებას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანებზე წნეხის განხორციელება, პოლიტიკური ბრძოლის ყოვლად დაუშვებელი და ბინძური მეთოდებით ბრძოლა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ბრძოლა განწირულია მარცხისთვის, ეს ხელისუფლება განწირულია კრახისთვის, ხოლო კაბელების საქმე ჩამოშლისთვის”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
“მივმართავთ არასამთავრობო სექტორს და მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ, შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ იმ უკანონო ქმედებებსა და ყოველგვარ უმსგავსობაზე, რომელსაც კვლავინდებურად აქვს ადგილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ არის გამოყენებული, როგორც ბინძური თამაშის ინსტრუმენტი და გვაქვს ძალიან პრინციპული მოთხოვნა, რომ შეწყდეს ზეწოლა უდანაშაულო ადამიანზე”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ავთანდილ გუმთაიშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საექსპერტო დასკვნას დაცვის მხარის სურვილით ამზადებდა. “თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, გუშინ ღამე ის პროკურატურაში დაიბარეს, რის შემდეგაც მან მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში
შემდეგი სტატიარუსეთის სახალხო არტისტს ნატაშა კარალიოვას პორნო კლიპის გამო წოდების ჩამორთმევას უპირებენ