ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო; სხდომა 15 მაისს, 11.00 საათზე განახლდება.
როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ დახურულ სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიცია წინა სხდომაზე წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით.
“ბრალდების მხარე ასაბუთებდა იმას, რომ მათი ყველა მტკიცებულება დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული. ხოლო დაცვის მხარე ვასაბუთებდით იმას, რომ მათი შუამდგომლობები დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იყოს ცნობილი. ჩვენ ჩვენს შუამდგომლობებში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ პროკურატურის პოზიცია დაცვის მხარის გარკვეულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, ვფიქრობთ, რომ ის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ჩვენ ვითხოვთ, ბრალდებამ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტებით. კერძოდ, ბრალდება ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად აღნიშნული მტკიცებულება, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც არის გამოყვანილი იმ თანხის ოდენობა, რომლის გაფლანგვასაც ბრალდებულს ედავებიან, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულების შედგენის დროს უხეშად დაირღვა საკანონმდებლო ნორმები.
“ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას და მომავალ სხდომაზე მხარეები კვლავ წარმოადგენენ პოზიციას, უკვე დღეს წარდგენილი პოზიციიდან გამომდინარე. სასამართლო იმსჯელებს, თუ რომელი მტკიცებულება უნდა იქნას მიჩნეული დასაშვებად და რომელი დაუშვებლად”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,დავდგეთ ყველა ერთად, მოვითხოვოთ ხელისუფლების შეცვლა,, ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიაფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასების 14%იან ზრდას ითხოვენ