ე.წ. კაბელების საქმეზე უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
“უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. კაბელების საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა, მორიგი წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 26 ივნისს 11.00 საათზე. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სხვა კომენტარისა და განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, დავით ჯუღელზე ზეწოლა ნინო გვენეტაძემ განახორციელა. ჯუღელი ამის შემდეგ უკვე იმყოფებოდა იტალიისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი ლევან მურუსიძე კი აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო და ის ამ საქმით დაინტერესდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: აღებული სესხი – 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება
შემდეგი სტატიაყვითელი სამარშუტო ტაქსები და მათი კონდიცირება- “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს