ექსპერტი:ამოღებული იქნა ისეთი დეტალი, რომლითაც მოხდა დამნაშავის პიროვნების იდენტიფიკაცია

იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზები გრძელდება და რამდენიმე ხანში სხვა მტკიცებულებებიც იქნება წარმოდგენილი, რომელიც აქამდე არსებულ ვერსიას გაამყარებს, – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის საქმის ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაზა ალთუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი ამ პროცესში თავიდანვე ჩართული იყო.

“ამ პროცესში ჩართული ვიყავი პირველი წუთიდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მთლიანად ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების შემდეგ, ამ მტკიცებულებების გადაგზავნის პროცესში, ასევე ვმონაწილეობდი ამ მტკიცებულებების დახარისხებაში. ექსპერტიზები კიდევ მიმდინარეობს”, – განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

მისივე განცხადებით, ამოღებული იქნა ისეთი დეტალი, რომლითაც მოხდა დამნაშავის პიროვნების იდენტიფიკაცია.

“ადვოკატის მხრიდან ითქვა, რომ კვალის აღმოჩენა შეუძლებელი იყო ხელყუმბარის აფეთქების პროცესში, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უნდა იცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. დნმ ამოღებული იქნა ლითონის ბერკეტიდან, რომელიც წარმოადგენს ფალიის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ამფეთქი, რომლის საშუალებითაც დეტონაციაში მოდის ყუმბარა. მისი მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ეს არის გამშვები ბერკეტი, რომლის ამოძრობის შემდეგაც საბრძოლო ხელყუმბარა მოდის მოქმედებაში. ბერკეტზე აუცილებლად ხდება ხელის შეხება”, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიყენა ყველა ის ტექნიკურ-კრიმინალური საშუალება, რომელიც გააჩნდა. რაც შეეხება დნმ-ის ტესტის ნამდვილობას, ექსპერტი ამბობს, რომ ტესტი გაკეთდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
“ეს ბიურო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. არის უძლიერესი ლაბორატორია და მათ მიერ გაცემულ დასკვნაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება”, – განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.
იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის
შემდეგი სტატიააბიტურიენტებს მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო