,, ეს სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს, თუ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ მომავალზე”

ყველანაირ ღონეს და რესურსს გამოვიყენებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია შედგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის , გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ დღევანდელი კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, დღეს გაიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი კონსულტაციები და მან შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. “ყველას აწუხებს მოსალოდნელი სიტუაციის გართულებისა და ესკალაციის პრობლემა. ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველამ ჩვენი შესაძლებლობა და ძალისხმევა იმისთვის, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში უფლება, დაპირისპირების მუხტი შემოიტანოს, რადგან ეს სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს, თუ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ მომავალზე, ნორმალურ სახელმწიფოზე, პერსპექტივის მქონე საზოგადოებაზე”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამას სწორედ ასე შეხედავენ. “იქ შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი განწყობები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შედგება გარკვეული დიალოგი. შესაძლოა მათი მხრიდან დღეს არ იყო შესაძლებლობა, ან რაღაც გარკვეული შეყოვნებები იყო, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ, რომ ამ მხრივ უკან დავიხიო. ყველანაირ ღონეს და რესურსს გამოვიყენებ საიმისოდ, რომ მათთან ეს კომუნიკაცია შედგეს. თავად პრეზიდენტსაც ასეთი განწყობა აქვს და მე ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ამ სიტუაციას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წკიპზე მივიდა, ამის განეიტრალებას მოვახდენთ და ეს განეიტრალება უნდა იყოს ყველას ინტერესებში”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დღეს კომუნიკაცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ უნდა. “მე პირადად მქონდა გარკვეული მცდელობა, იყო გარკეული პასუხები და ველოდები. არ მინდა რაღაცნაირად დავძაბო სიტუაცია. პირიქით, ჩვენ ყველანაირად განწყობილები ვართ, რომ ეს დიალოგი შედგეს. რაც უფრო მალე შედგება, მით უკეთესი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხერხდება. ჩვენ არ ვართ შორეული ადამიანები ერთმანეთისთვის. გარდა იმისა, რომ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ წარსულში ბევრი საქმე ერთად გვიკეთებია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია ერთობლივად”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები “თავისუფალ დემოკრატებთან”, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართა.

banner
წინა სტატიაშიალექსი ახვლედიანი ცოტა ხნის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე შევიდა
შემდეგი სტატია„რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები არა სამართლიანობის აღდგენის პროცესი”