“ეს იყო ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას,”- პრეზიდენტი ბრატისლავაში ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ მედიასთან GLOBSEC-ის ფორუმში ქართული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობა შეაფასა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება და მხადაჭერა და დახმარება აღუთქვა ქვეყანას.

მისივე თქმით, ასეთი ფორუმი საქართველოს უსაფრთხოების სიღრმისეული განხილვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

“ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს თემატიკა ყოფილიყო აქტუალური და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე შინაარსობრივად და საფუძვლიანად ესაუბრათ მსოფლიო ლიდერებს. გარდა ამისა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, “ნატოს” დამფუძნებელი ქვეყნების ლიდერებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ასევე შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია, განგვეხილა საქართველოს უსაფრთხოება და ამ საკითხზე გააქტიურებული დიალოგის აუცილებლობა. ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ, “ნატოს” შედარებით ახალი წევრი ქვეყნების ლიდერებთან. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით კარგად იაზრებენ საქართველოს როლს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში და გარდა იმისა, რომ არიან ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერები, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ამის პარალელურად ისინი გახდნენ საქართველოს ძალიან აქტიური ადვოკატები როგორც “ნატოს,” ისევე ევროკავშირის ფორმატებში,” -განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა შედგა სლოვაკეთის პრეზიდენტთან.

“ეს იყო ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მე ბატონი პრეზიდენტი საქართველოში მოვიწვიე. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ამ პროცესების პარალელურად გაიმართა, ახლა ხელს შეუწყობს ბიზნესთანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო. ამ ქვეყნებთან გვაქვს თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პოტენციალი, რომლის ათვისებაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მზადაა “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებას ხელი შეუწყოს
შემდეგი სტატიარუსეთი გამანადგურებლებს აქრტიკაში განათავსებს