ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე პოლიციის მისვლამდეა დაფიქსირებული. ამასთან, პროკურატურამ გამოავლინა კიდევ ერთი პირი, რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად დაიწყო.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პარალელურად გარდაცვალების ადგილიდან აღებული დნმ-ს ნიმუშის შედარების პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება არაქართული გარეგნობის პირს, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ვიდეომასალაში რამდენიმე პირი საეჭვოდ იქნა მიჩნეული, საიდანაც ორის იდენტიფიცირება და დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა.
“ვერ მოხდა ვიდეომასალაში დაფიქსირებული კიდევ ერთი პირის – არაქართული, უფრო ზუსტად ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის იდენტიფიცირება, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია, რა უნდოდა მას იმ ადგილას”, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ პირზე, რომელიც არა ვიდეომასალების დათვალიერების შედეგად, არამედ არსებული გარემოებების საფუძველზე გამოვლინდა.
გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, აღნიშნული პირი გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა.
“ეს პირი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. გამოძიება ამ პირამდე მიიყვანა არსებულმა გარემოებებმა. მასზე ცალკე საქმეა გახსნილი. მიმდინარეობს მისი საქმიანობის შესწავლის მიზნით ღონისძიებები. თეორიულად მას შესაძლოა, რაიმე შემხებლობა ჰქონდეს”, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
რაც შეეხება დნმ-ს შედარების პროცედურებს, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი დიდი ნახია ითხოვდა აღნიშნულის დაწყებას, თუმცა პროცედურა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გამოვლენა სწორედ დნმ-ის ნიმუშის შედარების შედეგად მოხდა.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბა – ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საქართველოში ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომაა ინტერესი ინვესტიციების განხორციელებისთვის