“ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა.

“როგორც ყველას გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად საქართველომ, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”, -განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ რას ნიშნავს ის ამოცანები, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ასევე არის ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა.

“მე ველოდები, რომ რიგის დეკლარაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნება ის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები. ველი ასევე მოწოდებას, რომ უახლოეს დროს ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება და საქართველოს მიმართ აამოქმედოს ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას. რასაკვირველია, რიგის სამიტი ეს არის ეტაპი, რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა სწორედ მიმართულია იქეთ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, მაქსიმალური აღიარება და ამასთან ერთად საქართველო გამოჩნდეს კვლავაც, როგორც ქვეყანა, რომელიც არის მოდელი რეგიონში ევროპული ტრანსფორმაციის”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: 40 პროცენტი ბავშვების ვერც ბაღში და ვერც სკოლაში ვერ მიდის
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა