ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 წლისაა

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო

saaba10 წელი გავიდა იმ მღელვარე და მშფოთვარე დღიდან, რომლიდანაც დაიწო ათვლა ახალი საგამოცდო სისტემისა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოგახსენებთ!

ბუნებრივია, ყოველგვარი სიახლე ძველთან დაპირისპირებას არ გულისხმობს. ზოგჯერ ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძველი კორუფციული სისტემა ბოლომდე უნდა დანგრეულიყო.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, როგორი იყო ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში პარანოიდული თვითნებობით ბევრი რამ ხელყო, მის ერთ-ერთ რეალურ მიღწევად და გამარჯვებად ისტორიაში დარჩება ახალი საგამოცდო სისტემის განხორციელება – ეს ფაქტია!

არც იმის თქმა შეიძლება, რომ 2005 წლამდე რაც ხდებოდა საქართველოში, ტოტალურად კორუფციული გარიგებების, ქართამისა და ნაცნობობა-მეგობრობის უსამართლობით იყო დაღდასმული. მერწმუნეთ, ისე გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტი, არათუ ქრთამი და ნაცნობი, ჩემმა პატრონმა ადგილმდებარეობაც კი არ იცოდა სასწავლებლისა და მსგავს ვითარებაში  რამდენი ადამიანი იყო, ვინ მოთვლის! მაგრამ არაჯანსაღ და არადემოკრატიულ საფუძველზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების მისაღებად არსებული საკონკურსო სისტემა ყოველგვარი შეღავათების გარეშე უნდა შეცვლილიყო.

ქართველი რისი ქართველია, ასე ადვილად მიიღოს და შეეგუოს სიახლეს?! ამიტომაც, ახალი სისტემისადმი ნდობა ეჭვქვეშ დადგა. ტრადიციულად, კრიტიკულად და სკეპტიკურად განეწყვნენ, უპირველესად, ძველი პრაქტიკის შენარჩუნების მსურველი უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო კომისიის წევრები. ძნელი იყო სტატუსის, შესაბამისად, გარანტირებული სარეპეტიტორო წლისა და უამრავი სხვა გვერდითი შემოსავლის დათმობა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ნაწილი სტუდენტებისა და მათი მშობლებიც, ისინი, ვისთვისაც ამ ცვლილებებს, წესით და რიგით, სიკეთე უნდა მოეტანა.  აპრიორულად ყველასთვის ცნობილი იყო ერთი ფაქტი – უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის სისტემა განათლების ყველაზე კორუმპირებულ სფეროდ ითვლებოდა, მაგრამ მაინც ძნელდებოდა ახალი სისტემის დანერგვა. რომ არა მაშინდელი ხელისუფლების ხისტი და უკომპრომისო მიდგომა, შესაძლოა, რეფორმა კარგა ხნით გადავადებულიყო.

სახელმწიფოს წინაშე დადგა ერთი მთავარი მოცემულობა, მთავარი გამოწვევა – კორუფციული სისტემის საბოლოოდ აღმოფხვრა და ოველი აბიტურიენტისათვის თანაბარი პირობების, ცოდნაზე დაფუძნებული კონკურენტული გამოცდების შეთავაზება.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რეფორმამდელ და რეფორმის შემდეგდროინდელ  საგამოცდო სისტემაზე. განსხვავება იმდენად აშკარა და თვალში საცემია, რომ ყოველგვარი რიტორიკა აზრს კარგავს ძველი სისტემის უკანდასაბრუნებლად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 წლისაა

როგორ უნდა დაწყებულიყო ცვლილებები?! – რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. ისე, რა უცნაურად უბედური ერი ვართ! ჩვენ, სწავლაზე კი არა, მხოლოდ დიპლომზე ორიენტირებულებს, საიდან გვექნებოდა მაღალი სტანდარტის, გამჭვირვალობისა და მხოლოდ ცოდნაზე დამყარებული კონკურენციის გამოცდილება?! ერი თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში გმინავდა რუსული უღლის ქვეშ! ამიტომ, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნების,  ისრაელისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა ახალი, საკმაოდ დახვეწილი ქართული ერთიანი ეროვნული გამოცდები.

უკომპრომისო, კომპეტენტური და მაღალი ზნეობის ადამიანები არსებობდნენ ყოველ დროში, მიუხედავად პოლიტიკური რეჟიმისა, და სწორედ რეფორმატორთა ასეთმა ჯგუფმა 2002 წელს დააარსა ახალი დამოუკიდებელი დაწესებულება, – გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა საგამოცდო ტესტების შემუშავება და მისაღები გამოცდების ადმინისტრირება ცენტრალიზებული წესით. მანამდე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე განათლების პროექტში ჩართული იყო გუნდი, რომელიც სწორედ საქართველოში განათლების შეფასებისა და გამოცდების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობდა და ეს პროექტი დაედო საფუძვლად ცენტრის ჩამოყალიბებას. ამით იმის თქმა გვინდა, რომ  ნაციონალური მოძრაობა მთლიანად ნუ იბრალებს ამ პროექტის გამარჯვებას. მისი საფუძვლები ასე შერისხული ე. შევარდნაძის ეპოქაში ყალიბდებოდა. ისტორია 2003 წლიდან არ დაწყებულა!

ყველას გახსოვთ ქართული ანდაზა: უჩემოდ ვინ იმღერეთო და ასე მოხდა მაშინაც: უნივერსიტეტის ცნობილი, მაგრამ კორუმპირებული პროფესორები აღარ ჩართეს საგამოცდო ტესტების მომზადებისა და გამოცდების შეფასების პროცესში. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს?! – შეჩვეულს ნუ მოუშლიო და, რომ დაკარგეს ჩვეული მდგომარეობა, ამიტომაც გამძაფრდა დაპირისპირება – ფარული თუ აშკარა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 წლისაა

საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და წარმატების მისაღწევად პრიორიტეტი პროცესის დაცულობასა და გამჭვირვალობას მიენიჭა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საგამოცდო ტესტები ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტამბაში, იბეჭდებოდა. სხვათა შორის, ამ ტესტების „შემობრძანება“ საქართველოში ერთგვარი თეატრალიზებულ-კარნავალური წარმოდგენა იყო – კონტეინერებს ქვეყნის პოლიცია ხვდებოდა და მანქანებით, ზარ-ზეიმით  გადაჰქონდათ ეროვნული ბანკის საცავამდე, სადაც ინახებოდა გამოცდის დღემდე.

მე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო კომისიის წვერი ვიყავი პირველივე დღიდან და კარგად მახსოვს ის დაუცადებელი შრომა და ტრენინგები (თითქმის 6-თვიანი), რომლებიც წინ უძღვოდა 2005 წლის 11-28 ივლისს ჩატარებულ პირველ ეროვნულ მისაღებ გამოცდებს. ჩვენ იმ წელს 31 000 აბიტურიენტის ბედი უნდა გადაგვეწყვიტა. დიდი იყო დაძაბულობაც და პასუხისმგებლობაც.

გამოცდების ჩასატარებლად საჭირო იყო კომისიის წევრების შერჩევა. კრიტერიუმები აქაც საკმაოდ მკაცრად მუაობდა. მაღალი კომპეტენცია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა აღმოჩნდა. მართალია, ისე იყო და არის დაცული მთელი ტექნიკური მხარე საგამოცდო ნაშრომების გასწორებისას, რომ ვერც ვერავინ მოახერხებდა  რამე ისეთს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა სისტემას, მაგრამ მაინც, შეულახავი რეპუტაციის გამსწორებლებს დაეძებდნენ, ჩასაფრებულ ადამიანებს სათქმელად რომ არ ჰქონოდათ: იმ მექრთამეს // ან უნიჭოს კომისაში რა უნდაო.

რომ იტყვიან, ბედმა გამიღიმა. ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი იყო ნამდვილი მაგალითი, თანამედროვე ტერმინით თუ ვიტყვით, კრეატიულობისა და მაღალი პროფესიონალიზმისა. ამ ჯგუფის ყოველ წევრს შეგნებული ჰქონდა საკუთარი მისია და კარგად ესმოდა ის, რასაც აკეთებდა. კახა ჯამბურია (ჯგუფის ხელმძღვანელი) თანამშრომლობისა და დიალოგის პრინციპით წარმართავდა ტრენინგებს. დიალოგი იყო ჩვენი თანაარსებობის ფორმა, რომელიც ბადებდა კოლეგიალობას. კ. ჯამბურია ითვალისწინებდა ყველა გონივრულ შენიშვნას, მოსაზრებას, რჩევას და აკვიატებული სიხისტით კი არა, გასაოცარი რუდუნებით, რკინის ნერვებით, მაქსიმალური სიმშვიდით გვაძლევდა  მაგალითს. უპირველესი ამოცანა მაინც შეფასების კრიტერიუმების დადგენა იყო. მართლაც, ძნელია იმ ტიპის სქემის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს გამსწორებლის სუბიექტურ აზრს მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების პროცესში. რამდენი წელი დასჭირდა ასე თუ ისე სრულყოფილი მოდელის შემუშავებას, რამდენი შრომა და კონსულტაცია – ეს მხოლოდ კომისიის წევრებმა იციან. თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი და სრულიად უნიკალური იყო მიდგომის პრინციპი: ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო აბიტურიენტის სასარგებლოდ. მუდმივად იყო მსჯელობა და კამათი იმაზე, რა ტიპის შეცდომა ჩაგვეთვალა საპატიოდ, რა მიგვეტევებინა გასწორების პროცესში. ასეთმა კეთილგანწყობამ აბიტურიენტის ნაშრომის მიმართ მოიტანა ის შედეგი, რომ დაბნეულობა, დაპირისპირება და აგრესია მოიხსნა საზოგადოებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 წლისაა

თავდაპირველად, ტრენინგებზე ვასწორებდით მთლიან ტესტს, რათა, საჭიროებისამებრ ყველა კატეგორიისათვის მოზადებული ვყოფილიყავით. გამოცდაზე კი რამდენიმე ჯგუფად დაგვყვეს: ლიტერატურულ შეკითხვებზე ერთი ნაწილი მუშაობდა, თხზულებას სხვა ჯგუფი ვასწორებდით, ენის ბლოკს თავისი შემფასებელი ჰყავდა, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდური მუშაობის პრინციპით შეჭურვილი „ანსამბლი“, რომელშიც გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მაინც შენ, გამსწორებელს, უნდა მიგეღო. ამით განსხვავდებოდა ის კოლექტიური მუშაობის პრინციპისაგან, რომელიც იმთავითვე პიროვნული ძალისხმევის დეფიციტს გულისხმობს.

ერთ სიამოვნებად დაგვრჩა ენის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნანა ლოლაძის, სრულიად ანალიტიკური და პრაქტიკული მიდგომა ლინგვისტური ხარვეზების მიმართ. საწყის ეტაპზე განსაკუთრებით რთული იყო სინტაქსური შეცდომების კვალიფიკაციის განსაზღვრა. შეკითხვა იბადებოდა ხშირად, იწყებოდა დაუსრულებელი კამათები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერს მაინც მასთან ვაზუსტებდით. თამაზ ჯოლოგუასთან თანამშრომლობა, ალბათ, უნდა ინატროს ადამიანმა. მახსოვს, ერთხელ  უცნაური თხზულება შემხვდა და მოვუხმე: თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს-მეთქი. გამიღიმა, ჩვეული თავმდაბლობით მიპასუხა: კომპეტენციისა რა გითხრა, ჩემო საბა, და, ისე, წაკითხვას არ დაგზარდებიო. გოგი მაჭავარიანი თავისი უკომპრომისო და შემტევი პოლიტიკით დღემდე დარჩა საგამოცდო კომისიის წევრების უფლებათა დამცველად. კიდევ შეიძლება ამ ჩამონათვალის გავრცობა, მაგრამ მთავარია არსებითი – კეთილგონიერებისა და კეთილგანწყობის, არა ისტერიკულ, არამედ სრული სიმშვიდის გარემოში ჩვენ შევძელით მთავარი გამოწვევისთვის პასუხის გაცემა – გამოცდები შედგა!

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დამკვირვებლები 14 საგამოცდო ცენტრში ატარებდნენ მონიტორინგს.  მათ დაასკვნეს, რომ გამოცდები იყო სამართლიანი, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული. მსოფლიო ბანკმაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად  აღიარა. ამასვე ადასტურებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევაც.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დანერგილი მისაღები გამოცდების სისტემა უკვე 10 წლისაა. წინ ახალი გამოწვევებია. ამ ხნის განმავლობაში  თაობა იძულებული გახდა, უკეთ ესწავლა პრაქტიკული გრამატიკა, ქართული მართლწერის საკითხები, გადაჩვეოდა ზეპირ შპარგალკას, შაბლონს, შეჩვეოდა წერასა და დამოუკიდებელ აზროვნებას. ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, იმდენი ტრენინგი, შეხვედრა და მეცადინეობა გამოვიარეთ, რომ უკვე მძინარესაც შეგვიძლია სტანდარტის შესატყვისი მომსახურების გაწევა – ეს, რა თქმა უნდა, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის დიდი დამსახურებაა.

metreveli (1)

ჩვენს კრიზისულ, უმადურ ეპოქაში, უსულო და უღმერთო ცივილიზაციის დომინირების ფაზაში, როცა ადამიანს აღარ ჰყოფნის აღარაფერი და მუდმივ დრტვინვასა და შფოთვაშია, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს და მოიპოვოს, ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება, დიდი მადლობა არ ვუთხრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით იმ ნდობისა და თანადგომისთვის, ყოველთვის რომ ვგრძნობდი. ადამიანისთვის ყველაზე დიდი მიღწევა თავისუფლებააა, თავისუფლება ცოდნაში ან ცოდნის თავისუფლება, როცა პროფესიული პრობლემა არა გაქვს, როცა სირთულეები დაძლეული გაქვს. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის თვითკმაყოფილება, რომ, როგორც საგამოცდო ტესტის გამსწორებელმა, სრულვყავი ჩემი ცოდნა, მაგრამ თქვენთან თანამშრომლობით შესაძლებლობის მაქსიმუმს მივაღწიე. ისიც უნდა გითხრათ, რომ საგამოცდო კომისიაში მუშაობით მიღებული ჰონორარი, ფაქტობრივად, წლიდან წლამდე ჩემი (არამხოლოდ ჩემთვის) ძირითადი შემოსავალი იყო, რადგან ხელფასი იმ სამცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელშიც ვმუშაობდი, თვეში 160 ლარს არ ასცილებია.

რა თქმა უნდა, იმის ილუზიას არ ვქმნი, რომ ყველაფერი იდეალურადაა, რომ თაობა ამეტყველდა თავანკარა ქართულით, რომ წერს და აზროვნებს ლაღად, თავისუფლად, სიღრმეებისა და მიუწვდომის წვდომის სურვილით, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა აკადემიური ცოდნის დონეც (ამისთვის ქართულ სკოლას სჭირდება პატრონობა), მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო მოდელმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობა საგანმანათლებლო სივრცეში. გარდა ამისა, განვლილმა ათმა წელმა დაამტკიცა, რომ, თუ არსებობს კეთილი ნება, სახელმწიფოებრივი მიდგომა, მაშინ ადვილი შესაძლებელია, უარი ვუთხრათ ნეპოტიზმს, ფარისევლური მორალის გაბატონებას, ორმაგ სტანდარტებს, სიყალბეს, მოჩვენებითობასა და უნიათობასაც.

თანამედროვე გლობალურ კონტექსტში ჩვენ უნდა შევძლოთ გამოწვევებზე პასუხიც და მიზანმიმართული ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაც!

 

 

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიმერია საკრებულოსგან 10 ათასი ევროს გამოყოფისთვის თანხმობას ითხოვს
შემდეგი სტატია27 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება