ერგნეთში შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხემძღვანელის, შალვა ენუქიძის განცხადებით, ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟის საკითხი დააყენა.

ეს განცხადება ენუქიძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მხარეები კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე მსჯელობენ.

ენუქიძის თქმით, ე.წ. საზღვრის დემარკაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილებაში პრობლემებს უქმნის. ეს პოზიცია ქართულმა მხარემ რიგგარეშე სხდომაზეც დააფიქსირა. ენუქიძის თქმით, ქართული მხარის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

„შეხვედრა მიმდინარეობს დაძაბულ რეჟიმში. განსაკუთრებული, სხვა შეხვედრებთან მიმართებაში, არ არის. თავისთავად, საკითხი, ჩვენი მხრიდან, ისევ და ისევ დაყენებულია ე.წ. ბანერებისა და რკინის ღობეებით გამოწვეულ პრობლემებზე“, – განაცხადა ენუქიძემ.

მისივე განმარტებით, რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება, აღნიშნულ მონაკვეთზე შეიარაღებულმა პირებმა გადაადგილებისგან თავი შეიკაონ.

„2008 წლის შემდეგ მათ არ ჰქონიათ შეზღუდვა არც გადაადგილებაზე, არც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ბანერების აღმართვა, თავისთავად, ხელის შემშლელია“, – აღნიშნა ენუქიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე, შესაძლოა, ქართული დროშის დაბრუნების საკითხიც განიხილონ. საუბარია იმ დროშაზე, რომელიც სოფელ ხურვალეთთან რუსმა სამხედროებმა ჩამოხსნეს და ცხინვალში წაიღეს.

banner
წინა სტატიაში,,თაიმერის” კორესპონდეტნის ორგანიზებით მილანში რუსეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია“მესმის ჩვენი ოპონენტების, რომლებსაც სურთ არ აღიარონ, რომ მოხდა ამ სისტემის დეპოლიტიზაცია,” – ირაკლი სესიაშვილი შსს-ს რეფორმებზე