ენმ: დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ის საკადრო გადაადგილებები, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა, როცა ეკონომიკის წარუმატებელ მინისტრს, საგარეო უწყებას აბარებს.
„ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი.
რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც მისმა უწყებამ – მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება.
ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, პრემიერისვე განცხადებით ცხადი გახდა, რომ მას საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბედი საინტერესო არაა.
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილიც. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაში, მინისტრების სახელისა და გვარის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„სამწუხაროდ ვერც ერთი ახალი მინისტრი ვერ იქნება წარმატებული, რადგან ამ ხელისუფლებას ფუნდამენტშივე არასწორი მიდგომები და ღირებულებები აქვს არჩეული ქვეყნის სამართავად. ამ პირობებში უკეთესი მინისტრები არ არსებობენ. ჩემი აზრით, თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობების დღის წესრიგს ბოლომდე ვერ ასრულებდა, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს უფრო ლოიალური კადრით“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვეტოზე დღეს ორი საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს
შემდეგი სტატია“ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს