ელენე ხოშტარია – ორი ქვეყანა ვართ, აშშ-ში ორი დელეგაცია რომ მიდის?

ელენე ხოშტარია:

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრებას სასაცილოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ “ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა”.
“ქვეყანა სასაცილოდ გამოიყურება. ეს ხაზს უსვამს, რამდენად შეუთანხმებელია ხელისუფლების შტოებს შიგნით ფუნქციების გადანაწილება, რამდენად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ორი ქვეყანა ვართ ორი დელეგაცია რომ მიდის? – უბრალოდ აბსურდია. ეს არის ჩვენი პრობლემების გარეთ გატანა და ქვეყნის იმიჯის შელახვის ძალიან უხერხული ფორმა. როცა ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში ხარ, მაშინ კიდევ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება დააბრალონ იმას, რომ ახალ სახელმწიფოს ეხება საქმე, მაგრამ ჩვენ ეს ეტაპი ძალიან დიდი ხნის გავლილი უნდა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, აქ გასაგებია კონკრეტული კონტექსტი – ბიძინა ივანიშვილის პირადი დამოკიდებულების გამო მთელი სახელმწიფო მანქანა ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს და შესაბამისად, იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს”, – განუცხადა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს”.
მისივე განმარტებით, ცივიზილებულ სახელმწიფოში მსგავსი პრობლემა არ იქნებოდა.
“იდეაში შეიძლება წასულიყო პრემიერიც და შეიძლება წასულიყო პრეზიდენტიც – გარკვეული საგარეო ფუნქციები ორივეს აქვს, მაგრამ პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომ შეძლო და შეთანხმდე, მაგრამ მათი კონფლიქტი ძალიან ღრმადაა წასული. ამ კონფლიქტის ნაწილია ის, რომ პრეზიდენტს წერილებს უმალავდნენ და ბლოკავდნენ ანუ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არის მსხვერპლი მთელი სახელმწიფო მანქანისა იმ წამიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აღარ მოსწონს გიორგი მარგველაშვილი. აქედან გამომდინარე, ზოგადად ჩემი სიმპათიები ამ სიტუაციაში არის პრეზიდენტის მხარეს, მაგრამ არ იყო აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტი წასულიყო. ეს უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი. ცივილიზებულ სახელმწიფოში მსგავსი პრობლემა აბსოლუტურად არ იქნებოდა, ჩვენ კი, ის გაგვაქვს გაეროში, სადაც მთელი მსოფლიო იქნება თავმოყრილი”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
მთავრობის მეთაური აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, ქვეყნის პირველი პირის შტატებში გამგზავრება კი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიშსს გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა მოიგეს