ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის კლება, უმთავრესად, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2015 წლის იანვრის თვის ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლები განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორით.
“შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგადად ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით და 8.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, როგორებიცაა: თხილი და კაკალი – (გაიზარდა 100% და $9.4 მილიონით). ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც გაიზარდა $6 მლნ-ით, გერმანიაში $4.4 მლნ-ით და ესპანეთში $1.1 მლნ-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენები – ზრდამ 54% შეადგინა. ასევე, ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში – აღნიშნული პროდუქციის ზრდამ საერთო ჯამში შეადგინა 60% თანაბარი ზრდის წილით. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე (169%-ით)”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება ექსპორტის კლებას, უწყების ინფორმაციით, ეს ძირითადად გამოწვეულია ღვინის (65%), სპირტიანი სასმელების (87%), მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტის კლებით, რის მიზეზსაც, თავის მხრივ, რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე მათი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს.
“2015 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა, მანქანების რეექსპორტის გამოკლებით, 65 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტის კლება, ძირითადად, გამოწვეულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით. მიუხედავად კლებისა, სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციებზე, როგორებიცაა: ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი) და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ-ით მეტი). ექსპორტის კლება დაფიქსირდა ფეროშენადნობებზე. მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტოვანი და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტი”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელთა მასშტაბური გაფიცვა იტალიაში
შემდეგი სტატიაგანხეთქილება უმრავლესობაში – ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა დღეს გაიმართება