“ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებულ აუქციონთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი 26 ივნისს სრულდება, ამიტომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შენობის შესყიდვით დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ა/წ 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული.
სისაურის თქმით, უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვმ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვმ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით.
“ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სააგენტოში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა რამდენიმე კომპანიის განაცხადი უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გამოცხადებული აუქციონი სრულდება ა/წ 26 ივნისს და დარჩენილი ორი დღის ვადაში ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ”, – განაცხადა სისაურმა.

banner
წინა სტატიაშიკინო და ტელე-ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ”ოქროს თვალი” დაიწყო
შემდეგი სტატიაინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს