ეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობას 6 მილიონ აშშ დოლარად ყიდის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვიოთარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე სისაურმა განაცხადა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად დღეს გაიტანა.
“აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები. ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები. ასევე სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები”, – განაცხადა სისაურმა.
უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00კვ.მ-ს. ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11271.52 კვ.მ-ია. აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს. მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და მოახდინოს მისი ექსპლუატაციაში გაშვება. მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირების მიერ უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა. მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს, 17:00 საათზე. რაც შეეება იმას, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე უცნობი რჩება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – პრემიერის განცხადება ათონელის რეზიდენციაზე ძალიან ნათელი და გასაგები იყო
შემდეგი სტატიახანგოშვილის ახლობლები გუშინ მომხდარ თავდასხმას რუსულ კვალს უკავშირებენ