ეკა კვესიტაძე: შს სამინისტრომ ფაქტობრივად გაამყარა გადაცემაში გასული ინფორმაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ძალოვანი უწყება და მინისტრის მოადგილე “რუსთავი 2-ის” წამყვანს სიცრუეში ადანაშაულებდნენ, ეკა კვესიტაძე გამოეხმაურეა. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებით არა თუ გააქარწყლა მისი ინფორმაცია, არამედ დაადასტურა და გაამყარა ის.

“უწყებამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ის თითქოს ჩვენს გადაცემას სიცრუეში ამხელს, სინამდვილეში კი გადაცემაში წარმოდგენილ ფაქტებს ამყარებს. ის, რომ შსს-მ პასუხი ვერ გასცა ჩვენს გადაცემაში მოყვანილ სხვა ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს, მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მინდია გორაძის მეტსახელად „ლავას-ოღლის“, გიორგი ჯანელიძის მეტსახელად „გოგი პიტერსკისა“ და ჯუმბერ გუგავას რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ჩვენს სრულ სიმართლეში. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კადრების ჩვენებას, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა ასახული, მათზე მართლაც ჩანს, რომ ამ პიროვნების პასპორტი მესაზღვრეებმა სისტემაში გაატარეს, რისი მტკიცებულებაც ჩვენ გადაცემაში წარმოვადგინეთ. ამავდროულად, კადრებში არ ჩანს მისი დაკავების მომენტი და გაუგებარია, თუ სად გაჰყავთ დარბაზიდან ან სად აცილებენ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს პოლიციელები. ამას გარდა, არ არის მითითებული, თუ როდისაა აღნიშნული კადრები გადაღებული.

ბოლოს, თუ სამინისტროს სურს, ჩვენს გადაცემებში დასმულ კითხვებს გამოეხმაუროს, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პასუხს იმაზე, დამზადდა თუ არა ჰაკიმ-ფაშას მიერ გავრცელებული ფოტომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისი დავალებით დაამონტაჟეს ბომბი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახლთან, როგორ მიმდინარეობს ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება და ა.შ. ” – წერს ეკა კვესიტაძე

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტრო ეკა კვესიტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: რამაზ დევაძე საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა