ეკა ბესელია ნუგზარ წიკლაურს “უპასუხისმგებლო და ფარისევლური განცხადებების” გაკეთებაში ადანაშაულებს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატს ნუგზარ წიკლაურს “უპასუხისმგებლო, ყალბი და ფარისევლური განცხადებების” გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც ბესელიამ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, ყოფილმა ხელისუფლებამ ჯაშუშებად ცნო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ.
“ნუგზარ წიკლაურის მხრიდან არის არამარტო უპასუხისმგებლო, არამედ ყალბი და ფარისევლური განცხადება. ეს ეხება საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომს. არა მარტო ის ადამიანები ვინც მან ახსენა, არამედ ბევრი სხვაც, “ენვერის” საქმეზე დაკავებული პირების შემდეგ, არიან აგვისტოს ომში მონაწილე მფრინავები. ეს ხუთი მფრინავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა მაშინ, როდესაც წიკლაური და მისი მეგობრები თავის საშველად ეძებდნენ გზებს. ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ისინი ჯაშუშებად გამოაცხადეს და დააპატიმრეს ჯარისკაცები, რომლებსაც მე, ირაკლი სესიაშვილი და რამდენიმე უფლებადამცველი ვიცავდით. ისევე მიატოვეს ეს ადამიანები, როგორც მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა. დაუცველი მოსახლეობა შეატოვეს აგრესორს”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში უცნობი ჯარისკაცები რომ არიან, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, ვინც საქართველო ამ საშინელ ომში თავისი უპასუხისმგებლო ქმედებით ჩართო.
“ბატონო ნუგზარ და სხვებო, ვინც ამ თემაზე ბედავთ და ხმას იღებთ, თქვენ მიატოვეთ მიცვალებულები, გმირი ჯარისკაცები და პატრიარქი, რომ არ შებრძანებულიყო, მიწას ვერ მივაბარებდით”, – აღნიშნა ბესელიამ.
ნუგზარ წიკლაური რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საკითხს დღევანდელ სესიაზე შეეხო.
“ვიცით, რომ ბევრი ადამიანი დაპატიმრებულია რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, როომლებიც რუსეთში უკანონოდ დააკავეს. უცნაურია ამ შემთხვევაში ხელისუფლების უმოქმედება. ამ პარლამენტმა ბესელიას ხელმძღვანელობით გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები. ბესელიამ გაუწია მათ პირადად თავდებობა. ვიცით, რა ხდება მსოფლიო პარაქტიკაში, როდესაც ჯაშუშებს ათავისუფლებენ, ერთი მხარე მიმართავს მომწინააღმდეგე მხარეს და არის მოლაპარაკება, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ანალოგიურად გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის არაფერი არ გააკეთა და ისინი იტანჯებიან ციხეებში. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის ჯაშუშები გათავისუფლეს, დაეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებსაც”, -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში,,პრობლემა ხელისუფლებებში კი არა, ამ საზოგადოებაშია!,,
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს