„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ამ საკითხის კომენტირებისას ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავის შინაარსით და ფორმით პირველია.

„ევროსაბჭოს მინსტრთა მოადგილეების კომიტეტმა სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თავის შინაარსით და საერთაშორისო ორგანიზაციის ამ სპეციალური გადაწყვატილების ფორმით პირველია. ის მასშტაბურად გმობს ე.წ. ხელშეკრულებებს, რომელთაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვთ, უხეშად არღვევენ საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ეწინააღმდეგებიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ასევე, ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთს ადრე აქვს გაფორმებული, მათ შორის 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს სახელით, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს, როგორც მხარეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პასუხისმგებელია, შეუფერხებელი წვდომა უზრუნველჰყოს ამ ტერიტორიებზე, რათა საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს. ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი. შესაბამისად, ეს რეზოლუცია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ საკითხის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ შესაძლებლობას ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენებენ, რათა ოკუპირბული ტერიტორიები არ დარჩეს ტერიტორიად, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგი წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, სადაც ადამიანის უფლებათა და ელემენტარულ თავისუფლებათა დარღვევა ყოველდღიურობის ნაწილია“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, 2015 წლის 12 მაისს ევროპის საბჭომ გადაწყვეტილება – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიიღო. 12 მაისის გადაწყვეტიელბაში ცალსახად არის აღნიშნული რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დადებული ე.წ. ხელშეკრულებები. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ხელშეკრულებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ძალისხმევას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის რუსეთის მიერ აღიარებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს და არ აქვს იურიდიული ძალა.

ამავე განცხადებაში ევროსაბჭო საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, პირველად მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ ე.წ. ხელშეკრულებებს ასეთი კვალიფიკაცია მისცა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ნატოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ,,რესპუბლიკელებს” გენდერული საკითხი დაუდგათ, როდესაც თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა