ევროპარლამენტარები ევროკავშირს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატები ევროკავშირს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებენ.
ბრიუსელში, უკრაინაში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გამართულ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ევროკავშირს ასევე მოუწოდეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს.
ევროპარლამენტარმა, “კონსერვატორთა” წევრმა ჩარლზ ტენოკმა მარიუპოლის დაბომბვას ტერორისტული აქტი და სამხედრო დანაშაული უწოდა.
“ევროკავშირმა აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძოს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გაამკაცროს, აკრძალოს SWIFT-თან წვდომა, რაც ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის”, – აღნიშნა ჩარლზ ტენოკმა.
“ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლემა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ჟენევის და არა – ნორმანდიის ფორმატში.
“ჩვენ, ნატო-მ ან ცალკეულმა სახელმწიფოებმა სამხედრო შეიარაღება უნდა მივაწოდოთ უკრაინას, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა. თუ ასე არ იქნება, რუსეთი ყირიმსა და დნესტრისპირეთზე შორს წავა, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად უნდა ვაღიაროთ”, – განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნა
შემდეგი სტატიათამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურში დაკრძალავენ