„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისათვის, ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები“

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი მიღწევა ეკონომიკის კუთხით, რაც ქვეყანას გასულ წლებში ჰქონდა, ეს იყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერა.

ამის შესახებ მინისტრმა უწყების სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენ გასულ სამ წელიწადში გვქონდა, ეს იყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ ხელშეკრულებამ ჩვენ 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი გაგვიხსნა. 2012 წლიდან 2015 წლამდე მნიშვნელოვანად შეიცვალა საქართველოს საერთაშორისო ბაზრების წილობრივი სტრუქტურა რეგიონალური ჭრილში. ევროკავშირში ექსპორტი 81 %-ით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 15%-დან 21%-მდე გაიზარდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრეფერენციული რეჟიმების არეალის გაფართოება საქართველოს მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ წუთში ჩვენი სამინისტრო მუშაობს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს დამატებით კიდევ 14 მილიონიანი ბაზარია. ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც დამატებით კიდევ 1.4 მილიარდიან ბაზარს მოგვცემს. მთლიანობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნულ მოლაპარაკებებს დავასრულებთ, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული ექნება მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედთან“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ექსპორტის წახალისების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისათვის, ამ მიმართულებით ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდით, სადაც 55-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა საქართველოდან, ხოლო ხელშეკრულებები, რაც მხოლოდ ამ გამოფენების მეშვეობით გაფორმდა, 10 მილიონზე მეტი ღირებულების არის“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის