“დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში”

ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ საქართველო იყო იზოლირებული ქვეყანა, სადაც მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ფუნქციონირებდა თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ორიოდე ინსტიტუტი, დღეს კი ის თანამედროვე და დინამიური სახელმწიფოა.

„მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჩვენი ხალხის გენშია ჩადებული. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ რეფორმების გზაზე – მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე. ჩვენ წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა იმავე სულისკვეთებით, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში განასახიერებდნენ ჩვენი წინაპრები. საქართველომ გაითავისა გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც წარმართავენ ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ სწრაფად გავისიგრძეგანეთ საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთება და ვეზიარეთ მას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართველი ხალხის სახელით, გაეროსა და ყველა თავისუფალ ერს, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს მტკიცე კავშირები აქვს მსოფლიოსა და სახელმწიფოთა ერთიან ოჯახთან.

„ჩვენ მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მდგრად განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას. მაშინაც კი, როცა ჩვენ წინაშე დგას რეგიონში უშიშროებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ ვისწრაფვით ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და ეკონომიკისკენ, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს. ჩვენი ევროატლანტიკური გეზის განუხრელი ტრაექტორია ასახავს საქართველოს მტკიცე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებს. ევროინტეგრაცია არის ევროპის სახელმწიფოებსა და მათ მეზობლებს შორის თანამშრომლობის მძლავრი სტიმული. 2014 წლის ივნისი ჩვენთვის იყო გარდამტეხი ეტაპი – მე ხელი მოვაწერე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო შეუერთდება მშვიდობისა და სტაბილურობის იმ სტრუქტურას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მეზობლებს და განამტკიცებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“2014 წლიდან დღემდე 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით”
შემდეგი სტატია“ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით”- პრემიერმა საქართველოს რაგბის ნაკრებს მიმართა