“დღეს სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა”

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ზე და სიტყვის თავისუფლებაზე ხდება, არამედ სასამართლო დამოუკიდებლობაზე.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ ხელისუფლება ბინძურ და სასტიკ მეთოდებს იყენებს. ამ შემთხვევაში, როგორც პეტრიაშვილი ამბობს, საუბარია კურიერის ეთერით გახმაურებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2 წლის წინანდელ საქმეზე მოსამართლის დედის მისამართით გამოძიება დაიწო.

დღეს ინფორმაცია როგორც შს სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ დაადასტურა. მთავარმა პროკურატურამ მოსამართლე ურთმელიძის დედას ბრალიც წაუყენა. თუმცა, პატიმრობას საგამოძიებო ორგანო არ მოითხოვს.

“ეს დეტალი აჩვენებს, რომ დღეს სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს ვაცალოთ გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდება. ხელისუფლება ეხლა მართლა ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად წამოწეული თემები შუქდება და აქცენტები პოზიტივზე არ კეთდებაო. მინდა, ვთქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ხელოვნურად წამოწეული თემები არ არის”, – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2”-ის დაცვას აქციებით გეგმავს
შემდეგი სტატია“სიტყვის თავისუფლების დასაცავად აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ”