დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა

დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა

დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა1928 წლის 14 ივლისს ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნოდარ დუმბაძე დაიბადა.

1937 წლის რეპრესიების პერიოდში, როცა ნოდარ დუმბაძე 9 წლის იყო, მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ის თავდაპირველად თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ნოდარ დუმბაძე 1967—1972 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი იყო. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს დიდ შეცდომად აფასებს