დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საუბარი შეეხო რეგიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და საჭიროებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობას ძირითადად გაზმომარაგება, წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება, რაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. პრემიერმა კომისიის წევრებს მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა.
“პრემიერ-მინისტრის ჩართულობა კომისიის სხდომაში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – გაზმომარაგება, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. კომისია 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს და განათლების, ჯანდაცვის, წყალმომარაგებისა და შეშით უზრუნველყოფის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს”, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება”
შემდეგი სტატია„დროა კოალიცია შეეგუოს, რომ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის“