დიმიტრი ხუნდაძე: ყველა შესაძლო რესურსი უნდა იყოს გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს.
როგორც “თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს, დიმიტრი ხუნდაძე პენსიების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2016 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი კვლავ 285 მილიონი ლარით იზრდება, აქედან 100 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვაზე, 22 მილიონი C ჰეპატიტის პროგრამაზე, დანარჩენი გადანაწილებული იქნება ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ პროგრამაზე. ამით მსურს ჩვენს ოპონენტებს ვუპასუხო – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან სხვა პროექტები კი არ ჩერდება, არამედ პირიქით, მათი ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა პროგრამა წარმატებით განაგრძობს განხორციელებას, ანუ სახელმწიფო აგრძელებს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას”, – აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი სწორედაც რომ მოსახლეობის აუცილებელ საჭიროებებზეა გათვლილი.
“ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია განსაკუთრებით მგრძნობიარეა პენსიონერთა მიმართ. 2012 წლიდან დღემდე საპენსიო გასაცემელი 400 მილიონზე მეტით გაიზარდა. მართალია, ეს ციფრი პენსიონერთათვის დიდი შვება არ არის, მაგრამ ჩვენ რეალური შესაძლებლობებიდან გამოვდივართ. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტურობა განსაკუთრებით პენსიონერთა რიცხოვნობაზე აისახა – მათი რაოდენობა ბოლო ორი წლის მანძილზე 10 000-ით გაიზარდა. გაიზარდა ასევე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც. მიუხედავად ამისა, 2016 წელს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს პენსიონრებს მორიგი საპენსიო ზრდით კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ ის სოციალური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრობლემურია საქართველოში. ვითვალისწინებ რეალობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: როდესაც ობამას გამოსვლას ვუსმენდი, მინდოდა, საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მმართველობის ყოველი დღე ჯიბეების გათხელებას ნიშნავს