დიმიტრი ხუნდაძე – რაც დღეს ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ყოვლად მიუღებელი და აუტანელია

ის, რაც დღეს ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ყოვლად მიუღებელი და აუტანელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, – ასე გამოეხმაურა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის საკრებულოს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიისთვის ფულადი ჯილდოების (6 000 ლარი) გაცემის თაობაზე.
ჯილდოების გაცემა მერიისგან მოითხოვა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ამასთანავე არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
როგორც მცხეთის “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა საკუთარ სოციალურ გვერდზე აღნიშნავს, მიუხედავად ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მცდელობისა, უარი ეთქვათ გადაწყვეტილებაზე და თანხა არ გაცემულიყო (ქამრების შემოჭერის პოლიტიკის და 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის ზარალის) გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი მაინც დამტკიცდა.
“პირადად მე არაერთხელ მოვუწოდე სახელმწიფო მოხელეებს, ხალხისთვის სოლიდარობის ნიშნად, თავი შეეკავებინათ პრემიების აღებისგან. მცხეთაში არათუ პრემიები, არამედ ფულადი ჯილდოები დაირიგეს (განმარტებისათვის – ჯილდო არ იბეგერება). გულწრფელად მაინტერესებს, რა დამსახურებისთვის აიღეს კომისიის წევრებმა ეს ჯილდოები?! სწორედ ამ კომისიამ კონკურსანტთა შერჩევისათვის გაუგებარი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რის გამოც ბევრი ღირსეული ადამიანი შეურაცხყოფილი და სამსახურის გარეშე დარჩა. ის, რაც დღეს ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ყოვლად მიუღებელი და აუტანელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მცხეთელები ამას არ იმსახურებენ. რათქმაუნდა, ეს უმსგავსოება ყველა თანამშრომელს არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი დროებით ჩრდილში არიან. რაც შეეხება ახლად დაჯილდოებულ, “ღვაწლმოსილ” პირებს, მათ ქვეყნის სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში ახსენდებათ, თურმე, ღვინოც ქვეყანას უნდა აყიდინონ. ალბათ, სხვისი ფულით უფრო “გემრიელად” ისმევა. იქნებ, ნაბახუსევს მაინც გაახსენდეთ, რომ მცხეთას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს: მუზეუმი, შეჩერებული სპორტული კომპლექსი, საკოლმეურნეო ბაზარი, დაუსრულებელი კულტურის სახლი, გაძვირებული წყლის ტარიფი და კიდევ სხვა მოუგვარებელი საკითხები. დღეს ამაზე მხოლოდ ერთეულები ზრუნავენ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, მცხეთის მომავლის შექმნაში განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან ელის აქტიურ ჩართულობას და საზოგადოებრივ კონტროლს ხელისუფლების ნებისმიერი რგოლისადმი და იმედოვნებს, ეს ყველაფერი დროებითია და “მცხეთაში ღირსეული კაცის სიტყვას კვლავ ფასი დაედება”.

banner
წინა სტატიაშიბაბაიანისა და ოგანეზოვის ცემის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს