დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს მსოფლიო ფოსტის დღე მიულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს მსოფლიო ფოსტის დღე მიულოცა.

ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ფოსტის“ რამდენიმე თანამშრომელი წარმატებული სამსახურებრივი საქმიანობისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტიზაციის მეშვეობით „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს იმ სერვისსა და მომსახურებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა ფოსტის ყველა თანამშრომელს მივულოცო ფოსტის საერთაშორისო დღე. 140 წელია, რაც ფოსტის დღეს აღნიშნავს მსოფლიო. მინდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ფოსტა“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი საქართველოში. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩაბმულია საფოსტო საქმიანობაში“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 1,825 ადამიანი. მათგან კონკრეტულად საფოსტო მომსახურებებზე მუშაობს 1,191 ადამიანი, ფოსტალიონთა რაოდენობა კი 409-ს შეადგენს.

შპს „საქართველოს ფოსტის“ მხოლოდ საფოსტო მომსახურებებიდან შემოსავალი 2013 წელს შეადგენდა 10 მლნ-ზე მეტ ლარს, ხოლო 2014 წელს 13 მლნ-ს მიაღწია, რაც 28%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის მიერ ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანი 5 მლნ ლარს აღემატება.

„საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელის, ლევან ჩიკვაიძის ინფორმაციით, დღეს, „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო მომსახურებების მთელ სპექტრს, მათ შორის მომსახურების ისეთ ახალ სახეობებს როგორიც არის „ავია“ და „გზავნილი მომავალში.“ მისივე თქმით, კომპანია კვლავაც აქტიურად უზრუნველყოფს საფოსტო მომსახურების მაღალი ტემპებით განვითარებას და ახალი, თანამედროვე და მოსახერხებელი სერვისების შეთავაზებას საქართველოს მოსახლეობისათვის.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში სამ საავადმყოდოს ბომბი ესროლა
შემდეგი სტატიაქართული ოცნებისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ 14 ადამიანი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა