დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების დარეგულირებაში ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩაერთო

კანცელარია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების დარეგულირებაში ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩაერთო , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება გზებზე შექმნილ ბოლო ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გზების გაწმენდა დაიწყება მაშინვე, როგორც კი ზვავსაშიშროების პრობლემა მოიხსნება.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრულად არიან მობილიზებული დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი შეფერხებების აღმოსაფრხვრელად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამინისტრო, უწყება, მობილიზებულია ტექნიკა. გზების გაწმენდა დაიწყება მაშინვე, როგორც კი ზვავსაშიშროების პრობლემა მოიხსნება. დღეს ზვავი ჩამოწვა ნაღვარევსა და მლეთაში, სადაც თოვლის საფარმა 1.7 მეტრს მიაღწია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გზის გასაწმენდად ყველა სოფელშია მობილიზებული შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა. ამ დროისთვის იწმინდება უკანა ფშავთან დამაკავშირებელი გზა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმიდნარეობს გუდამაყარში, დღის ბოლომდე გაიწმინდება სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზა.
ამ ეტაპზე სრულადაა გაწმენდილი ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი 25-კმ-იანი გზის მონაკვეთი და ფშავის შიდა სასოფლო გზები, სადაც მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური ტექნიკა.
თოვლის საფარი 2 მეტრს გაუტოლდა გუდაურში. ადგილზე იმყოფება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ლითანიშვილი. გუდაურში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე”, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების განმარტებით, ზვავსაშიშროების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაურში საკვებ პროდუქტებს სპეცტექნიკის გამოყენებით შეიტანენ.
“ამ დროისთვის, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდის მუნიცილაპიტეტში. სტიქიის ზონაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე იმყოფებიან”, – განმარტავენ უწყებაში.
ამასთან, როგორც სამინისტრო გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით აცხადებს, ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც დაწესდა. კერძოდ: ახალციხე-ნინონწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების განოყენებით.
ყველა ამ მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდა ინტენსიური თოვის შეწყვეტისა და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე