დედაქალაქის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მასშტაბით სტიქიის შემდეგ ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია სამგორის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში. ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა ისევ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობის გამოყვანა თითქმის დასრულებულია. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, სადაც მოვარდნილმა წყალმა ვოლიერები გაგლიჯა, რის გამოც ცხოველთა ნაწილი ქუჩაში აღმოჩნდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაახლოებით 3 მეტრამდე უკვე დაიწია, რამაც შესაძლებელი გახადა, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულიყო.

თბილისის მერიის ყველა სამსახური დედაქალაქის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. ყველა რაიონში მობილიზებულია ტექნიკა.

banner
წინა სტატიაში6 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი თბილისის ცენტრში დარბის
შემდეგი სტატიასტიქიამ უკვე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა