“…და მერე წავალ უმისამართოდ”– გარდაცვლილი პოლიციელის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში

4 აპრილს, საღამოს, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც შსს იუწყება, “ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილს მდგომარეობა დღეისათვის გაუმჯობესდა.

გარდაცვლილ პოლიციელ ბექა მარგიშვილს წელს აგვისტოში 29 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ბექა მღეროდა და ლექსებსაც წერდა. ბექას “ფეისბუქის” საკუთარ პროფილზე ბოლო ჩანაწერი 19 მარტს აქვს დატოვებული. ეს ჩანაწერი მისივე ლექსია, რომელსაც “თაიმერი” გთავაზობთ:

AVE…

ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE…
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დ

ამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ…
ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი…
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა….ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE…

“თაიმერი” ღრმა მწუხრებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი ალასანიას განცხადება არის უპასუხისმგებლო”-თავდაცვის ყოფილ მინისტრს მმართველი კოალიცია აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“სახელმწიფოს გაუზრებელ პოლიტიკას, პოლიციელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან შემგუებლობაში – გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა”