დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნება

parlamenti

სასამართლო სისტემაში ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი იქნება. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფარგლებში დაგეგმილია სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მოსამართლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევის და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეიქმნება. მას დამოუკიდებელი ინსპექტორი უხელმძღვანელებს.
პროექტის მიხედვით, დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის წესით, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით, ირჩევს და სამსახურიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
რაც შეეხება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს, ისიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში მთავრობამ წარადგინა. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

banner
წინა სტატიაშინანგრევებში 42 სამხედრო იპოვეს, 23 მათგანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოს შემდეგ ხმაური იყო