დავით უსუფაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის პირველ ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ეუთო-ს მანდატის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, დღეს, ეუთო სასურველი მასშტაბით ვერ არის წარმოდგენილი საქართველოში, თუმცა ეუთო-ს სტრუქტურებთან მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში უნდა მოხდეს იმ იდეების და პრინციპების გაზიარება, რაზეც ეუთოა დაფუძნებული, რაც თავის მხრივ ქვეყნის პროგრესს შეუწყობს ხელს.

დავით უსუფაშვილისა და ივიცა დაჩიჩის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. მხარეებმა განაცხადეს, რომ რეგიონის განვითარებისთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება გადამწყვეტია.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და საერთო მიზანია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და ტოომას ჰენდრიკ ილვესის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა