დავით სერგეენკო მოსახლეობას კვლევაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს კვლევაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც C ჰეპატიტის რაოდენობრივ-თვისობრივი პარამეტრების დასადგენად მიმდინარეობს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, C ჰეპატიტის მკურნალობის ელიმინაციის პროექტი მას შემდეგ დაიწყება, რაც აღნიშნული კვლევა დამთავრდება, რომელიც ზუსტ ინფორმაციას მისცემს სამინისტროს ავადობის რაოდენობრივ-თვისობრივი პარამეტრების შესახებ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კვლევა 11 მაისს დაიწყო და თბილისში 19 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი კვლევის ჩატარება მოხდება რეგიონებში, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
“ძირითადი ელიმინაციის გეგმა დამოკიდებული იქნება ამ კვლევის შედეგებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და მოტივაცია, რომ ამ კვლევაში მიიღონ მონაწილეობა. ამ ეტაპზე კვლევის დედააზრი არის ასეთი, რომ 20 ჯგუფი, ინტერვიუერები დადიან თბილისის სხვადასხვა რაიონში, მოსახლოებასთან შეხვედრებს ატარებენ. სამწუხაროდ, გამოიკვეთა სურათი, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მათ ინფორმაციას არ აწვდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის დავავალდებულებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ კვლევაში, მაგრამ ჩემი სათხოვარი იქნება, რომ კვლევაში ჩაერთონ, რადგან მასში მონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელიმინაციის პროექტი დაიწყოს”, – აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ხვალ მიიღებიან პირველი პაციენტები და ეს არის საწყისი ეტაპი 5 000 პაციენტის მკურნალობის.
“ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ, რადგან ეს ადამიანები უბრალოდ მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, რომ პროექტის დაწყებამდე მათ შეიძლება ვერ მიეღწიათ ვერანაირი სახით”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი – თამარ კორძაია საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ,,რესპუბლიკურ პარტიას” უკავშირებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – რაც ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელდა, მთლიანად სამთავრობო გუნდის დამსახურებაა