შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ენერგოუსაფრთხოების საკითხზე სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა წერილი, რომ მთავრობასთან ერთად განიხილონ გარკვეული ენერგოუსაფრთხოების საკითხები.
“მე არ ვიცი ამ წერილის დეტალები, ალბათ მთავრობის ადმინისტრაცია განიხილავს დადგენილი წესით და შესაბამისად მოიქცევა”, – განაცხადა სერგეენკომ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა აუცილებლობას, გაიმართოს ასეთი სხდომა, სერგეენკომ განაცხადა, რომ როგორც პრემიერმა, ასევე ენერგეტიკის მინისტრმა, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განმარტეს ამ საკითხის არსი და აქედან გამომდინარე, მინისტრი არ ფიქრობს, რომ ამას რაიმე დამატებითი განხილვა სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს.