დავით საგანელიძე აჭარაში რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს.
უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა შესაძლო რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს მმართველმა გუნდმა. როგორც მან ამასთან დაკავშირებით განაცხადა, პირველ რიგში, საჭიროა მომხდარის შესწავლა და მიზეზების დადგენა.
“აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. უნდა დავსახოთ, ვიტყოდი, რადიკალური ღონისძიებები, რათა სიტუაცია იყოს მართული და წაადგეს რეგიონის განვითარებას. დღევანდელი შეხვედრა მოგვცემს იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აღნიშნა საგანელიძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მიმდინარე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
დაახლოებით ერთი საათია, რაც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები “ქართული ოცნებიდან”. მსჯელობის მთავარ თემას საბჭოში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიკიევში “ღირსების მარში” დასრულდა
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე – იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არსებობდა