დავით ონოფრიშვილი ლარის კურსის გაუფასურების შეჩერების ბერკეტებზე საუბრობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდასა და მის შესაძლო მოსალოდნელ შედეგებზე არ უმსჯელიათ, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა პროცესების შესაძლო განვითარებაზე განცხადება მოგვიანებით გააკეთა.

მისი თქმით, თუ მოხდება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, ამას ექნება დადებითი და უარყოფითი შედეგიც. დადებითი არის ის, რომ შენარჩუნდება ლარის კურსი და გაუფასურება შეჩერდება, მაგრამ უარყოფითი შედეგი არის ის, რომ დაგეგმილზე ნაკლები იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით 5%-ია.

„რეფინანსირების განაკვეთის გარკვეულწილად ზრდა თუ მოხდება, ეს ზრდა, ადექვატური ზრდას გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების კომერციულ ბანკებში და ასევე ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას ლარების გარკვეული ოდენობა მიმოქცევიდან ამოვა,“ – განმარტა ონოფრიშვილმა.

საკითხზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად მუშაობს და თუ გახდება საჭირო, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქნება ერთ-ერთ ბერკეტი, რომელსაც ეროვნულ ბანკი გამოიყენებს ამ პროცესის შესაჩერებლად.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს