დავით ნარმანია: 4 სახლი საკმაოდ ავარიულია და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.

სვანიძის ქუჩაზე ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა და ჯარისკაცები მუშაობენ. სამუშაოები ადგილზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თურქეთის ელჩთან და სტამბოლის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს, სვანიძის ქუჩაზე იმუშავებენ ის მოხალისეები, რომლებსაც შესაბამისი აღჭურვილობა ექნებათ და სათანადოდო იქნებიან ჩაცმულები.
მერმა დასძინა, რომ მოხალისეებს სპეციალური ხელთათმანები უნდა ჰქონდეთ და ისეთი ტანსაცმელი უნდა ეცვათ, რომელიც მათ სხეულს მთლიანად დაფარავს.
“ჩვენ კოორდინაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შტაბთან. მხოლოდ ასე აღჭურვილი ადამიანები იქნებიან ამ ტერიტორიაზე დაშვებულები. ადგილზე აქტიურად მუშაობენ ჯარის ნაწილები. მერიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ქვემდებარე სამსახურები, რათა დამუშავდეს მდინარის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყე და ამოვიტანოთ ის მდინარის კალაპოტიდან, რათა შემდგომ წვიმებისა და წყლის ადიდების შემთხვევაში, ასევე არ დადგეს რისკის საფრთხე”, – განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ სვანიძის ქუჩაზე მოხდა სახლების შესწავლა.
ნარმანიას განცხადებით, 4 სახლი საკმაოდ ავარიულია და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს. დედაქალაქის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, თუ როგორ დაეხმარონ მოსახლეობას.
“საკმაოდ ოპერატიულად, კოორდინირებულად, ეფექტურად დავიწყეთ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა ისევე როგორც მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ყველა უწყება მაქსიმალურად არის მობილიზებული”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიიმუნიზაციის ცენტრში ტეტანუსის აცრის მსურველთა რიგია
შემდეგი სტატიაზოოპარკში დღეს აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა