დავით ნარმანია: არ ვაპირებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო ჩემი თანამდებობა

ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის – თბილისის მერიაში ყველა ეს საქალაქო სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, დავით ნარმანია ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მერი აცხადებს, რომ მერია დიდი და ცოცხალი ორგა­ნი­ზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებე­ბი ბუნებრივია.

“ასეთი ცვლილებები­ ად­რ­ეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი­ კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარ­ვუდგენ საკრებულოს. თუ რატომ დატოვეს მათ  თანამდებობები ამის შესახებ უმჯობესია მათ ჰკით­ხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექ­ტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადა­წყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს. როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა იგი ეფექტური მერი, ქალაქისთავი ასე პასუხობს:

“ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას. ერთი, რაც ვიცი, რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. როცა ისმის კრიტიკა, რომ ზოგ საკითხზე უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მისაღებია და ჩემს სამსახურებს უფრო მეტი სისწრაფისკენ ­მოვუწოდებ. როცა მოგვიწოდებენ, მიდგომებში მეტად ინოვაციური ვიყოთ, ხშირად ვეუბნები ჩვენს სამსახურებს, რომ ნუ ვიმუშავებთ მოძველებული მეთოდებით, ვიმუშაოთ ახალი მიდგომებით”,- განმარტავს ქალაქის მერი.

დავით ნარმანია ასევე ფიქრობს, რომ მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ ობიექტურობას მოკლებულია.

“მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო ჩემი თანამდებობა.”,- განმარტავს დავით ნარმანია.


 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტის მუშაობაზე NDI კვლევას გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატიახმაური 169-ე ბაგა-ბაღში – პედაგოგები და მშობლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ