დავით ნარმანიამ მერიის სამსახურებს უეფას სუპერთასის მატჩის ორგანიზებაში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უეფას სუპერთასის მატჩის ორგანიზებაში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
“უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული გუშინდელი უეფას სუპერ თასის მატჩი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სამსახურს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებში იყო ჩართული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, უეფას სუპერთასის მატჩისთვის “დინამო არენას” სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით დაფინანსდა. თბილისის მერიის “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული პროექტებით სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტები, ტაბლო, განათებისა და გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები. ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
მერიის ცნობით, “დინამო არენაზე” გარემონტდა და კეთილმოეწყო უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი სამი ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. სკაი-ბოქსი. სტადიონის ვიპ-განყოფილებაში დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი. აღსანიშნავია, რომ “დინამო არენას” შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.
სტადიონის რეაბილიტაციის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი იყო პლასტმასის სკამების სრული გამოცვლა. “დინამო არენაზე” სულ 53 000 სკამი დამონტაჟდა.
ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩვეულ ადგილზე მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა. რაც შეეხება ტელე და რადიო-კომენტატორებს, მათთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი – თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები
შემდეგი სტატია“პარტიზანი მებაღეების” აქტივისტმა საკრებულოს დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა