დავით ნარმანიამ მადრიდში უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრი დაათვალიერა

თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს. როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დელეგაციის წევრებთან ერთად, მადრიდის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრს ესტუმრა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ცენტრი სამოქალაქო უსაფრთხოებას, სახანძრო და სასწრაფო დახმარებას მთელი ქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობას დაეთმო.

როგორც შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა, ალფონსო ალამომ განაცხადა, დედაქალაქს 21 სადგური ემსახურება, რაც სამსახურის საქმიანობის ეფექტურობას და ოპერატიულობას მაქსიმალურად ზრდის. მისი თქმით, მადრიდში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 300 გამოძახება ხორციელდება, ხოლო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოძახების ადგილზე მისვლას მხოლოდ 8 წუთს ანდომებს.

დავით ნარმანიას თქმით, მადრიდის გამოცდილების გაზიარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით ამ სფეროს რეფორმირებას მნიშვნელოვნად წაადგება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს