დავით ნარმანიამ ლოკომოტივის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სტადიონის რეაბილიტაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი – 2015“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სტადიონის ეზოს კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის გამოცვლა, ბორდიურების მოწყობა და საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა.

„იქედან გამომდინარე, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, გადავწყვიტეთ მიმდებარე ტერიტორია მოვაწესრიგოთ. ხდება გზის საფარის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვვარაუდობთ, რომ 20 ივნისისთვის აქ სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საგზაო სამუშაოები 20 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. სტადიონის გარშემო მიმდებარე გზის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა ასფალტის ძველი საფარი, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა ასფალტის საფარის ქვედა ფენის დასაგებად; პარალელურად ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამასხურის დაკვეთით შპს „ენკო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თბილისის მერთან ერთად დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და ვაკის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაში26 მაისისთვის გზებზე შეზღუდვები წესდება
შემდეგი სტატია,,ეს ნა*ოზარი ექსპერტ-გამომძალველი,, შალვა ნათელაშვილი გი ხუხაშვილზე