დავით ნარმანიამ დედაქალაქში განათებული ახალი ობიექტები დაათვალიერა

დედაქალაქის მასშტაბით “სინათლის ქალაქი” ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაქტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე.

როგორც მერიაში განმარტავენ, განათებულ ობიექტებს შორისაა, თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.

ისინი მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას თქმით, “სინათლის ქალაქის” მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.

“სინათლის ქალაქის” დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება.

“სინათლის ქალაქი” თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში მკვდარი ვეფხვი იპოვეს
შემდეგი სტატიაამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი მტაცებელი აღარ ითვლება