დავით კირკიტაძის მამა – დათო ვერ დაიჭირეს და მე დამიჭერენ

დათო ვერ დაიჭირეს, მე დამიჭერენ, ოჯახში ერთი ხომ უნდა იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე დავით კირკიტაძის მამამ ალექსანდრე კირკიტაძემ  განაცხადა.
როგორც ალექსანდრე კირკიტაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც მისი შვილის მიმართ სასამართლომ პატიმრობა არ დააკმაყოფილა, მოსალოდნელი იყო, რომ მასაც დაიბარებდნენ საგამოძიებო უწყებაში.
“დაიბარეს თუ არა ჩემი შვილი დაკითხვაზე, დარწმუნებული ვიყავი რომ მეც დამიბარებდნენ. ორი წლის წინ დამკითხეს ამ საქმეზე რაზეც ახლა ვარ მოსული, მიცემული მაქვს ჩვენება. დათოს ვერ შეუფარდეს სასჯელი და მეორე დღეს მე დამიბარეს. ბრალის წაყენებას აუცილებლად ველოდები. დათო ვერ დაიჭირეს და მე დამიჭერენ, ოჯახში ერთი ხომ უნდა იჯდეს ციხეში”, – განაცხადა ალექსანდრე კირკიტაძემ.
რაც შეეხება საქმეს, რომლის ირგვლივაც მას დღეს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ, როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ეს ეხება ორი წლის წინანდელ გამოძიებას. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდსა და სენაკში სპორტკომპლექსის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა ალექსანდრე კირკიტაძის ფირმა, სადაც მას ჰქონდა გარკვეული წილი.
“ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და დღეს გახდა ეს აქტუალური თემა”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად ალექსანდრე კირკიტაძის ინტერესებსაც იცავს.

banner
წინა სტატიაში180-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობენ
შემდეგი სტატიამარტვილში მამაკაცმა საკუთარი ცოლი ცულით დაჭრა