დავით კერესელიძე – ვცდილობთ, უკრაინაში დაღუპული ქართველის გადმოსვენების პროცედურები სწრაფად გავიაროთ

ჩვენ ვცდილობთ რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ , – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
დავით კერესელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში.
“თქვენ იცით, რომ გადმოსვნების საკითხები პროცედურებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პროცედურები გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად, რომ დაღუპული ქართველი მეომრის ნეშტის გადმოსვენება საქართველოში მოხდეს დროულად. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. ჩვენ ვართ უშუალოდ ჩართულები ამ საკითხში”, – განაცხადა კერესელიძემ.
კითხვაზე, დაახლოებით როდის მოხდება ჯანელიძის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამის თქმა ძნელია.
“ამის თქმა ყოველთვის ძალიან ძნელია, დაახლოებით როდის მოხდება გადმოსვენება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მალე მოხდეს, რადგან ეს არის სენსიტიური ადამიანური, ჰუმანური საკითხი, რომელიც ყველას ევალება, რომ დროზე გააკეთოს”, – განაცხადა კერესელიძემ.
ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე უკრაინაში გასულ კვირას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“119 საწარმოა დაფინანსებული,” – ოთარ დანელია
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა