დავით დარჩიაშვილი: გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ისეთი მინიშნება გააკეთა, რომელიც აჩენს კითხვის ნიშნებს, საით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი , – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“როდესაც ჩვენ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის მიმართ კითხვის ნიშნებს ვსვამთ ხოლმე, კოლეგებს, ოპონენტებს უმრავლესობიდან ზოგჯერ უკვირთ, ზოგიერთ მათგანს მაინც. მითითება ხდება იმაზე, რომ ერვოკავშირთან ხელმოწერილია ასოცირების ხელშეკრულება და ნატო-სთან ინტენსიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა. თითქოს ლოგიკური პასუხია, მაგრამ ეს ორივე მოცემულობა არის წლების განმავლობაში მომზადებული, წინა ხელისუფლების მიერაა ფუნდამენტი ჩაყრილი და ახალ ხელისუფლებას ეს მემკვიდრეობად ერგო. ამ მემკვირდეობის გაფრთხილება და პრაქტიკული გამოყენება უფრო მთავარია, ვიდრე ზოგჯერ ლიტონად განცხადება, რომ ასეთი ხელმოწერები გვაქვს და ე.ი. კითხვის ნიშნები ზედმეტია. ეს სწორედ გამოყენება აგვიანებს და არ აისახება პრაქტიკაზე”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არ იყო გამოყენებული მაქსიმალურად, რომ პრემიერს ხაზი გაესვა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების აუცილებლობაზე.
“პრემიერმა 3-ჯერ გაიმეორა მხოლოდ ის, რომ შეფასებისა და წვრთნის ცენტრი არავის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება. ეს გასაგებია, მაგრამ ამაზე ხაზგასმას, ჯობდა ხაზგასმა იმაზე, რომ დაჩქარდეს გაწვერიანების პროცესი, რაც არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, ვხედავთ აბსოლუტურად ხელშეშლის გარეშე დაუსჯელად, პასუხისმგებლობის აღების გარეშე პრორუსული განწყობების ზრდას და ღიად პრორუსული, მე-5 კოლონის წარმომადგენელი ჯგუფების აქტივობას, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო სექტორში. ამაზე რეაგირება არ ჩანს. კითხვებს აჩენს ისიც, რომ მიუხედავად ამ ყბადაღებული აბაშიძე-კარასინის ფორმატის ქება-დიდებისა, რასაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება აშკარა შელახვა საქართველოს ძირეული უფლებებისა – იქნება ეს ენის აკრძალვა, თუ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ამაზე რეგირებები რბილია ან მიჩნეულია, რომ ნუ რა ვქნათ, ასე ხდება და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი გამოხატულია ზოგჯერ ან ერთი-ორჯერ მაქსიმალურად დიპლომატიური ენით, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს. ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო განპირობებული ბოლო ცვლილება იმით, რომ ქალბატონი ბერუჩაშვილი, რომლის ადვოკატად ნამდვილად არ გამოდგება საპარლამენტო უმცირესობა, მთლად ისე კომფორტულად ვერ ჯდებოდა აბაშიძე-კარასინის ეგიდითა და დომინანტობით მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ კურსში, რომელიც ქვეყანას გააჩნია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის განცხადებას ევრაზიის შესახებ, დარჩიაშვილის თქმით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ საით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი
“როდესაც პირველად ახალი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი საუბრობს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე და იქ ახსენებს ევრაზიას კონტინენტს, არ ვიცი, ეს გეოგრაფიის გაკვეთილი ხომ არ იყო, მაშინ სხვა კონტინენტებიც ჩამოეთვალა, ემსჯელა ანტარქტიდაზეც, ავსტრალიაზე მაინც. მან გააკეთა ისეთი მინიშნება, რომელიც დიახ, ჩვენი აზრით, აჩენს კითხვის ნიშნებს, საით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ვიცემერად დავით ნარმანიამ ლაშა აბაშიძე წარადგინა
შემდეგი სტატიალაშა აბაშიძე: მაქსიმალურად შევეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები